პროექტის შესახებ

სახლი ქვემო ლისში

პროექტი წარმოადგენს 4 სახლისგან შემდგარ საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ეკოლოგიურად სუფთა ზონაში —  ლისის ტბის უბანში, ახალი იპოდომის მიმდებარედ, შემაღლებულ ადგილზე საიდანაც არის ბრწყინვალე ხედები ლისის ტბაზე და მთელ ქალაქზე. პროექტის მთავარი კონცეფცია ბუნებრივი ლანდშაფტისა და თანამედროვე ურბანული არქიტექტურის სინთეზია.

ადგილმდებარეობა შერჩეულია მათთვის, ვინც ეძებს სიმშვიდესა და სუფთა ჰაერს ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, თუმცა ინარჩუნებს სწრაფ კავშირს ქალაქის ცენტრალურ ნაწილებთან. 1500 კვ.მ-ზე განთავსებული ოთხი საცხოვრებელი სახლი სრულად იმეორებს ნაკვეთის რელიეფს, რაც ნაგებობას დინამიურსა და გამორჩეულს ხდის. აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ არსებული 3-მეტრიანი ქანობი გამოყენებულია არქიტექტურულ უპირატესობად, რაც საშუალებას იძლევა სივრცეები ტერასულად და მრავალდონიანად განლაგდეს.

ოთხივე დონეზე (მინუს ერთი სართული მიწის ქვეშ და პლუს სამი მიწისზედა სართული) სივრცე გადანაწილებულია მაქსიმალური ფუნქციურობით, სადაც ყოველი კვადრატული მეტრი მაცხოვრებლის კომფორტს ემსახურება: დასვენება და ფიტნესი: შენობის მიწისქვეშა სართული (-3.06 და -3.57 ნიშნულებზე) დათმობილია სრულფასოვანი რეკრეაციისთვის. აქ განთავსებულია თანამედროვე აუზი თბილი და ცივი წყლით, ფილტრაციის, განათების და ვენტილაციის სისტემებით, ტრენაჟორების დარბაზი და დამხმარე სათავსოები. ამავე დონეზე მოწყობილია დახურული ავტოსადგომი 2 ავტომობილზე, რაც უზრუნველყოფს ავტომობილების უსაფრთხოებასა და კომფორტულ გადაადგილებას ნებისმიერ ამინდში. პირადი სივრცე: პირველი და მეორე სართულები ეთმობა მშვიდ, პრივატულ ზონებს. აქ განთავსებულია ნათელი საძინებლები ინდივიდუალური სველი წერტილებითა და გარდერობებით. მეორე სართულის საძინებლები ვიტრაჟული კარებით უკავშირდება ფართო აივნებს, საიდანაც იშლება ხედები ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით. პანორამული ხედები და სოციალური სივრცე: ტრადიციული გეგმარებისგან განსხვავებით, მესამე სართული ეთმობა საერთო სივრცეს, მისაღებ ოთახს, სამზარეულოსა და კაბინეტს. ეს გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა, სახლის ყველაზე მაღალი წერტილიდან და პანორამული ვიტრაჟებიდან მუდმივად ვტკბებოდეთ ქალაქისა და მიმდებარე ბუნების ხედებით.

არქიტექტურული პროექტის ავტორია ქურდიანების სახელოვანი არქიტექტურული დინასტიის ღირსეული გამგრძელებლი, შაქრი ქურდიანი. პროექტი შესრულებულია უმაღლესი სამშენებლო სტანდარტების დაცვით. მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასი, ალუმინის ვიტრაჟები,შენობის შიდა ლიფტი,თბილი იატაკები,გათბობიდა გაგრილების ერთიანი სისტემა და ბაზალტის ბამბით დათბუნებული ვენტილირებადი ფასადი კერამიკული ფილებით, უზრუნველყოფს შენობის მდგრადობას, ენერგოეფექტურობასა და თანამედროვე ესთეტიკას.

ექსტერიერის დიზაინში გამოყენებული მასალები — Kale-ს კერამიკული ფილა, მინის მოაჯირები და ვიტრაჟის შავი ალუმინის პროფილები — ხაზს უსვამს შენობის მინიმალისტურ და დახვეწილ ხასიათს. ტერიტორია სრულად არის იზოლირებული 1.80 მ სიმაღლის ღობით, რაც მაცხოვრებლებისთვის დამატებით სიმშვიდესა და უსაფრთხო გარემოს ქმნის.

ტექნიკური მახასიათებლები:

ნაკვეთის ფართობი: 1500 კვ.მ.

თვითოეული სახლის საერთო ფართობი: 472.25 კვ.მ.

შენობის სიმაღლე: 15.78 მ.

ეს პროექტი მათთვისაა, ვინც არჩევანს აკეთებს უმაღლეს ხარისხზე, ინდივიდუალურ დიზაინსა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე თბილისის ყველაზე პერსპექტიულ უბანში.

4 ერთნაირი სახლი

სახლის ტიპები